რუსთავში ველობილიკების მოწყობა იგეგმება

2019-05-04 11:39:53

რუსთავში ველობილიკის მოწყობა იგეგმება.

ველობილიკები გაკეთდება ტროტუარების პარალელურად, ამ დროისთვის სამუშაოები ქუთაისისა და დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ველომოყვარულებს შეპირდა რომ ქალაქში ველობილიკები მოწესრიგდება და კეთილმოეწყობა.

პროექტის განსახორციელებლად მოსამზამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. რუსთავის მერია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს გარკვეულ სტრატეგიას ქალაქის ამ კუთხით განვითარებასთან დაკავშირებით.

„ტროტუარების გაკეთებასთან ერთად მაქსიმალურად ვცდილობთ გავაკეთოთ ველობილიკებიც, თუმცა ამას სჭირდება თანმდევი პროექტი. გამომდინარე აქედან ჩვენ მივმართეთ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. გვაქვს მოლოდინი ჩამოვიდეს სპეციალისტი და დააპროექტოს ქალაქის მასშტაბით - როგორც ნიშნები და ასევე ადგილები, სადაც განთავსდება ველობილიკი“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

პირველ რიგში მოხდება არსებული ბილიკების მონიშვნა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.