რუსთავში "იდეების კონკურსი" დაიწყო

2019-05-03 17:21:40

არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველოსა" და რუსთავის ინოვაციების ჰაბის ერთობლივი "იდეების კონკურსი" უკვე დაიწყო. კონკურსი რუსთავის მერიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

კონკურსის საერთო ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენს და კონკურსის ფარგლებში 10 გამარჯვებული ახალგაზრდული იდეა გამოვლინდება, თითოეული იდეა კი საშუალოდ 5 000 ლარით დაფინანსდება.

როგორც "ორბელიანი საქართველოს" ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორგანიზაცია აქტიურად აპირებს კერძო სექტორთან თანამშრომლობასაც, რამაც შესაძლოა კონკურსის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაზარდოს და მეტ იდეას მიეცეს განხორციელების საშუალება.

კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ახალგაზრდული ინიციატივები გამოვლინდება. ინიციატივა შეიძლება შეეხებოდეს ეკოლოგიას, გამწვანებას, ტრანსპორტსა და მობილობას, განათლებასა და ახალგაზრდების ჩართულობას, ურბანული სივრცის განვითარებას თუ კულტურას. ინიციატივები დაკავშირებული უნდა იყოს რუსთავში რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლასთან.

იდეების წარდგენა ონლაინაა შესაძლებელი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკუთარი ინიციატივა შეუძლიათ 20 მაისამდე გააგზავნონ მოცემულ ბმულზე და მიიღონ დაფინანსება ან საჭირო ნივთები, რომლებიც იდეების განხორციელებისათვის სჭირდებათ.