"ვცდილობთ გაჩნდეს შემოვლითი გზა"

2019-05-11 11:13:16

გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო, თუმცა ისევ გახდება თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული ტერიტორია სატვირთო მანქანების მიმოსვლის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთი ჯერჯერობით უცნობია.

მოსახლეობისთვის აქტუალური კითხვა "ინფო რუსთავმა" რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას დაუსვა. როგორც ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს ალტერნატიული საშუალების, კერძოდ კი, შემოვლითი გზის გაჩენაზე, რათა სატვირთო მანქანების შემოდინება ქალაქში არ მოხდეს.

"სამრეწველო უბანია და შესაბამისად აქ სატვირთო მანქანები დადიოდნენ, მაგრამ ეს სატვირთო მანქანები უნდა მოემსახურონ მეტალურგიას. გეგმაში გვაქვს და გზების დეპარტამენტთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს აზოტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცემენტის ქარხანასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია,  რათა გაჩნდეს ალტერნატიული შემოვლითი გზა, რომ მშვიდობის ქუჩიდან მოხდეს სატვირთო ტრანსპორტის გადინება ქალაქიდან და არ მოხდეს ქალაქში შემოსვლა", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.