რუსთავში უკონტაქტო პატრულირება დაიწყო

2019-05-01 00:41:02

რუსთავში უკონტაქტო პატრულირება დაიწყო. ამის შესახებ ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ასევე გაორმაგდა უკონტაქტო პატრულის რაოდენობა. უკონტაქტო პატრული რუსთავში შემდეგ ქუჩებზე გამოჩნდება: შარტავას, მეგობრობის, კოსტავას, თოდრიას, ლეონიძის, ჭავჭავაძის, მშენებელთა, ლომოურის, გიორგაძის და თბილისის.

"ჩვენ დავამატეთ კახეთის მიმართულება, რომელიც ამ რეფორმით აქამდე არ იყო მოცული და არსებულ მიმართულებებზე გავაორმაგეთ რესურსები. რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში და თელავში მოქმედებენ უკონტაქტო პატრულის ეკიპაჟები და წინასწარ განსაზღვრულ გამოყოფილ ტერიტორიებზე, სადაც განთავსებულია შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები, ახორციელებენ უკონტაქტო პატრულირებას", - განაცხადა რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა.

უკონტაქტო პატრულირება გულისხმობს პატრულირებას პოლიციის კუთვნილი ისეთი ავტომანქანებით, რომლებსაც შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნები არ გააჩნიათ, და რომელზეც სპეციალური აპარატურაა განთავსებული. უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებულ მძღოლს [ისევე როგორც ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისას] მართვის მოწმობაზე ქულები არ აკლდება.

„შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული [მოძრავი] სიჩქარისმზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პირობებსა და პროცედურების წესი“, შს მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცდა.