როდის უნდა გახვიდეთ სასაფლაოზე? კვირას (აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე) თუ ორშაბათს (მიცვალებულთა ხსენების დღეს)?
ეს კითხვა ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულის დადგომამდე აქტუალური ხდება და როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, "ტრადიცია", რომელიც კვირას სასაფლაოზე გასვლას ითვალისწინებს, გაუცნობიერებელია და უნდა შეიცვალოს.
"კვირას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს არანაირი კავშირი არა აქვს მიცვალებულებთან", - აცხადებს დეკანოზი პაატა თავართქილაძე.
როგორც სასულიერო პირმა "ინფო რუსთავთნ" საუბარში აღნიშნა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არის სიხარულის, სიკვდილის დათრგუნვისა და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღე. მისი თქმით, ადამიანებმა, რომლებიც მარხვას იცავენ, ამ დღეს უნდა გაიხსნილონ, აღდგომის დღესასწაული აღნიშნონ და ტაძრებში წავიდნენ. როგორც მამა პაატამ განაცხადა, მოსახლეობა სასაფლაოზე აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს უნდა გავიდეს, რომელიც უწმინდესმა საეკლესიო კალენდარში დააწესა საფლავთა კურთხევის დღედ.
1989 წელს გავრცელდა ოფიციალური ცნობა, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ხალხს ურჩევდა, სასაფლაოზე გასულიყვნენ არა აღდგომის დღესასწაულზე, არამედ მეორე დღეს, ორშაბათს. ეს იმდროინდელმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ამცნო ხალხს. სასულიერო პირების განმარტებით, პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ ხალხი როგორმე არასწორ ქცევას გადასჩვეოდა - ამის შემდეგ აღდგომა დღეს სასაფლაოებზე გამსვლელთა რაოდენობა მართლაც შემცირდა.