პოლიციამ რუსთავში 3 პირი დააკავა

2019-04-03 13:43:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ს.მ., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1993 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან რამდენჯერმე, თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, აიღეს სხვადასხვა პროდუქტი. ინციდენტის დღეს, ამავე მაღაზიის გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის საფასურის გადახდის გარეშე მიცემაზე, რასაც ბრალდებულების მხრიდან მოჰყვა აგრესია. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს.

დაშავებული პირი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო არ ასახავს რეალობას.