"საჭიროა ერთობა რომ ოცნება მოვაცილოთ ხელისუფლებას"

2019-03-24 21:46:10

რუსთავის ყოფილი მერი მამუკა ჩიქოვანი, რომელიც საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სიით შევიდა, ხოლო პარტიის გაყოფის შემდეგ "ევროპულ საქართველოში" იყო, დღეს ისევ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაბრუნდა.

შეგახსენებთ რომ მამუკა ჩიქოვანმა "ევროპული საქართველო" გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს დატოვა, იყო დამოუკიდებელი დეპუტატი თუმცა მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს უცხადებდა. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა რატომ დაბრუნდა დეპუტატი ისევ "ნაციონალურ მოძრაობაში".

"მიზეზი ერთია, საჭიროა ერთობა რომ ოცნება მოვაცილოთ ხელისუფლებას. დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოაჩინა და დაამტკიცა რომ არის ორიენტირებული განვითარებაზე, მათ შორის საუბარია ცვლილებები შიდა სტრუქტურაზე. ეს იქნება ბევრად წარმატებული საქმიანობა რაც განაპირობებს უახლოეს ხანში გამარჯვებას. ვფიქრობ გრიგოლ ვაშაძე ამ პლატფორმის (გაერთიანებული ოპოზიციის) წარმატებული ლიდერი იქნება. ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ყრილობით აჩვენა რომ ყველაზე პროგრესირებადი და ღია პლატფორმაზე მშენებარე ძალაა", - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით მერვე ყრილობა სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა. პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.