საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ცნობით, ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ინფორმაციის ცოდნა:
– პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ერთიან საგანმანათლებლო ბაზებზე დაყრდნობით, ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდის ბუკებს, რომელზეც დატანილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ჰოლოგრამა;
– ბენეფიციარი ბუკს იღებს ერთჯერადად იმ საჯარო სკოლაში, სადაც მისი პირველადი დარეგისტრირება მოხდა;
– კომპლექტაციაში შედის ბუკი და შესაბამისი დამტენი;
– საგარანტიო მომსახურების ვადა 1 წელია;
– საგარანტიო მომსახურებას ახდენს ტენდერში გამარჯვებული, ბუკების მომწოდებელი კომპანია. გარანტიით უფასო შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება ხდება ქარხნული წუნის ან ნაწილობრივი გაუმართაობის დროს. კომპიუტერის მექანიკური დაზიანება ან/და თვითნებური შეკეთება საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება.
– ბუკს მოყვება აქტივაციის კოდი, რომლის გარეშე ბუკში პროგრამების ჩატვირთვა შეუძლებელია;
– ბუკის მიღებისას მასში ჩატვირთული უნდა იყოს სასწავლო პროგრამა, რომლის წაშლის ან დაზიანების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სკოლის აიტი თნამშრომელს ან სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას „ემისი“;
– ბუკის მიღებისას მშობელს უფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია ბუკის საკუთრების პირობები და ვადები;
– იმ შემთხევაში თუ ბენეფიციარი აღარ წარმოადგენს მოსწავლის სტატუსის მქონე პირს, შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი, ან I-III კლასის განმავლობაში გადავა კერძო სკოლაში, სადაც არ ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ვალდებულია დაუბრუნოს ბუკი შესაბამის სკოლას;
– ბუკის ნებისმიერი მიზეზით დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში სხვა (ახალი) ბუკით ჩანაცვლება პროგრამით გათვალისწინებული არ არის; გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტის შესაბამისად;
– I-III კლასის განმავლობაში საჯარო სკოლაში ჩარიცხვის ან მოსწავლის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სკოლა წერილობით მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მოითხოვს მოსწავლის ბუკის გადაცემას;
– კერძო სკოლიდან ან საზღვარგარეთიდან საჯარო სკოლაში მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, ბუკის გამოყოფა ხდება სააგენტოში შემოსული წერილის საფუძველზე, რომელსაც შესაბამისი საქმისწარმოებითი ღონისძებების განსახორციელებლად სჭირდება გარკვეული ვადა;
– ასეთ შემთხვევაში მოსწავლეს შესაძლებელია გადაეცეს სკოლაში ნაშთად არსებული მეორადი ბუკი დაზიანებების გარეშე;
– თუკი მოსწავლე მობილობით გადადის ერთი საჯარო სკოლიდან მეორეში ბუკი მას თან მიაქვს ახალ საჯარო სკოლაში;
– III კლასის დასრულების შემდეგ ბუკი რჩება მოსწავლის კუთვნილებაში და მასზე ზემოთმოყვანილი ვალდებულებები აღარ ვრცელდება.