ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით რეგისტრაციის პირველი ეტაპის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას სავარაუდოდ 10-11-12 მარტს გამოაქვეყნებს. ამის შეახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.
ამასთან, უნდა გამოქვეყნდეს აბიტურიენტის ცნობარიც, რომელიც აბიტურიენტს სასურველი უმაღლესი სასწავლებლისა და საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში ეხმარება.
რაც შეეხება იმ პირებს, ვინც მიიღო უწყება სამხედრო კომისარიატში გამოძახების შესახებ, მაგრამ გეგმავენ ეროვნულ გამოცდებზე გასვლას, მას შემდეგ რაც რეგისტრაციას გაივლიან, შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდების ცენტრისგან აიღონ ცნობა იმის თაობაზე, რომ ისინი არიან რეგისტრირებული ეროვნულ გამოცდებზე და დოკუმენტი წარადგინონ შესაბამის დაწესებულებაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა გამოცდების ახალი მოდელი, რომელიც როგორც საატესტატო, ისე ეროვნულ გამოცდებს ეხება. იდეის ავტორები განმარტავენ, რომ რეფორმა ორ ეტაპად განხორციელდება. 2019 წელი ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი იქნება, 2020-ში კი სიახლეები დაინერგება.