ავტომობილების განმეორებითი ინსპექტირებისას, მხოლოდ დახარვეზებული დეტალი აღარ შემოწმდება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, განმეორებითი ინსპექტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიზუალური შემოწმებაც განხორციელდება.
საუბარია ავტომობილის ფარის, ბამპერის, საბურავის, საქარე მინის, გამონაბოლქვი აირების მოჭარბებული კვამლიანობის, ძარისა და ძარის სხვა ელემენტების გარეგნულ დათვალიერებაზე.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ავტომობილი მუქი გამონაბოლქვის შემთხვევაში ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლის.
კერძოდ, ცვლილებით მკაცრდება ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი და არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა.
ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან/და ლურჯი. ამასთან, ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.
შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულოა.