ბავშვიან ოჯახებს მატერიალურად დაეხმარებიან

2019-03-05 10:03:26

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, რომელზეც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს, ცნობილი გახდა, რომ ბავშვიანი ოჯახების დასახმარებლად შესაძლოა სახელმწიფო ფონდი შეიქმნას.

როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ დააანონსა, უნდა შეიქმნას ფონდები, რომლებიც აღწერის და დაკვირვების შედეგად არასრულწლოვანთა ოჯახებს მატერიალურად დაეხმარება.

თუმცა, ამ ეტაპზე სოფო კილაძე იმას, თუ რა კრიტერიუმებით მიხდება ფულადი დახმარების გაცემა, არ აკონკრეტებს.

გარდა ამისა, დეპუტატმა სოფო კილაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, რომელზეც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს, ყურადღება გაამახვილა ბაშვებისთვის საფრთხისშემცველი თამაშების წინააღმდეგ, სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ღონისძიებების გატარებაზე.

ისეთ თამაშებს, როგორიც არის მაგალითად ე.წ.ლურჯი ვეშაპი, რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმსხვერპლა, სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, - განაცხადა კილაძემ.

„პრობლემატურია ღამის საცეკვაო კლუბებში ბავშვების ჩართულობა, სადაც ხდება მათი ჩართვა ნარკოტიკების მოხმარებაში, პროსტიტუციაში და ა.შ. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საზრუნავი. ამას სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიხედოს. მავნე ზეგავლენა, რომელიც მოდის ინტერნეტიდან, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. აქაც არის მთელი რიგი საკითხები გათვალისწინებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეები, რომლებიც მოდის ინტერნეტიდან ძალადობის, უხამსობის შემცველი შინაარსი, ასევე საშინელი თამაშები, რაც არის „ლურჯი ვეშაპი“ და ა.შ. რამაც არაერთი ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იმსხვერპლა, ამასაც სჭირდება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და ამაზე არის საუბარი კოდექსში“, - აცხადებს სოფო კილაძე.