გიორგი ბეგაძის საჩუქარი რუსთაველებს.
რუსთავის მაჯორიტარმა დეპუტატმა დედის დღე რუსთაველ ქალბატონებს მიულოცა და ყვავილებით სავსე 1000 ქოთანი ქალაქის მაცხოვრებლებს გადასცა.
ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ და თვითმართველობის წარმომადგენლებმა საჩუქრების დარიგება ქალაქის შემოსასვლელიდან დაიწყეს და მოსახლეობას დედის დღე ტრადიციულად მიულოცეს.
"გაზაფხულის დადგომას ვულოცავ რუსთაველებს, დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, რა თქმა უნდა განსაკუთრებით დედაჩემს. დღეს გადავწყვიტე, რომ რუსთაველებს გავუკეთო ასეთი საჩუქარი - 1000 ქოთანი 10 000 ყვავილით გადაეცემათ ქალაქის შემოსასვლელიდან რუსთაველის მოედნამდე ყველა იმ ოჯახს, რომელთა აივნებიც იყურება გზის მხარეს. ვფიქრობ ეს ძალიან დაამშვენებს ქალაქის იერსახეს. ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ ეს პროექტი განგვეხორციელებინა. ამ აქციაში მონაწილეობას იღებდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, მხარდაჭერა გამოგვიცხადა ასევე საწარმო "აზოტმა" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ.
"1 მარტიდან ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა აქტივობები. ეს ერთ-ერთი აქტივობაა, ყვავილებით სავსე ქოთნები გადაეცემათ ქალბატონებს. დედის დღესთან დაკავშირებით ჩვენ ასევე ვეწვევით მრავალშვილიან ოჯახებს. მინდა ყველა დედას მივულოცო დედის დღე"- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
"ყველაზე ძვირფას ადამიანებს, ქალბატონებს, დედებს მივულოცავ დღევანდელ დღეს და გაზაფხულის დადგომას. რუსთავში ძალიან ორიგინალური გადაწყვეტილებაა მიღებული გიორგი ბეგაძის ინიციატივით. 1000 ქოთანი, 10 000 ყვავილი გადაეცემათ ქალბატონებს. ქოთნები აივნებზე განთავსდება და ესთეტიური მხარეც იქნება ძალიან კარგი"- განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.
10 000-მდე ყვავილით სავსე 1000 ქოთანი რუსთავში, მოსახლეობას 8 მარტამდე დაურიგდება.