რუსთავში, ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟებამ მძღოლების პროტესტი უკვე გამოიწვია, ბევრი აღნიშნავდა რომ საგზაო ნიშნები არაადეკვატურად არის დამონტაჟებული, კონკრეტულად კი საუბარი იყო იმ შეზღუდვებზე რომლის მიხედვითაც ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობისას მარცხნივ მანევრირება აიკრძალა. ამჯერად კი მძღოლები ხიდზე და ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებულ, შემზღუდავი საგზაო ნიშნების ალოგიკურობაზე ალაპარაკდნენ.
საგზაო ნიშნები ცენტრალურ ქუჩებზე მძღოლებს მოძრაობის მაქსიმალურ სიჩქარედ 60 კმ/სთ-ს უწესებს.
ინფო რუსთავი დაინტერესდა, რატომ განისაზღვრა ცენტრალურ ხიდზე, იქ სადაც დასახლებული პუნქტი არ არის, მოძრაობის მაქსიმალურ ნიშნულად 50 კმ/სთ, ხოლო სადაც მოძრაობა გადატვირთულია და დასახლებული პუნქტია, კონკრეტულად კი მეგობრობის და შარტავას გამზირზე მოძრაობის მაქსიმალურ ნიშნულად 60 კმ/სთ. არის თუ არა ლოგიკური საგზაო ნიშნების ასე განაწილება, კომენტარისთვის საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, მევლუდ მელაძეს დავუკავშირდით.
"ალოგიკურია, ამ საგზაო ნიშნების დაყენება. სადაც მეტი სივრცეა და დასახლება არ არის იქ შეზღუდვა 50-ია, დასახლებულ ქუჩებზე კი 60. მართალია, ეს პრევენციის მიზნიითაა გაკეთებული, მაგრამ გამაღიზიანებელი და არასწორია, თუ საფრთხის შემცველია ადგილი, პრევენციის მიზნით მსგავსი რამის გაკეთება მიზანშეწონილია, მაგრამ უნდა იჯდეს რაღაც ლოგიკაში", - განაცხადა საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ.