რამდენიმე სკოლაში შაბათსს სწავლობენ

2019-01-25 17:47:43

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის რამდენიმე სკოლაში ხვალ, 2 თებერვალს, საგაკვეთილო პროცესი გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფო რუსთავს ათობით მშობელი დაუკავშირდა და საკითხით დაინტერესება სთხოვა. როგორც მშობლები აცხადებენ, ისინი არ არიან ინფორმირებული, გაიმართება თუ არა სასწავლო პროცესი ხვალ იმ სკოლაში, რომელშიც მათ შვილები დაჰყავთ.

ჩვენი ინფორმაციით, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების გამო, სკოლებში დასვენების დღეების ანაზღაურება უნდა მოხდეს.

"დღეები, რომლებიც გაცდა უნდა აღდგეს. ყველა სკოლა თვითონ გადაწყვეტს შიდა სასკოლო გეგმით და პედსაბჭოს შეთანხმებით როდის დაამატებს სამუშაო დღეს. ჩვენ, მაგალითად, ხვალ გვაქვს 1 სამუშაო დღე დამატებული და შესაბამისი განრიგი გვაქვს შემუშავებული. ჯამში უნდა ანაზღაურდეს 4 შაბათი", - განაცხადა მამუკა ხამხაძემ.

ინფო რუსთავი იმის გადასამოწმებლად, თუ კიდევ რომელ საჯარო სკოლებში იქნება ხვალ საგაკვეთილო პროცესი, რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრს დაუკავშირდა, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს და სკოლის დირექტორებთან გადაგვამისამართა.

საინფორმაციო სააგენტომ რუსთავის საჯარო სკოლის დირექტორების ნაწილთან დაკავშირება მოახერხა, ნაწილმა კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ჩვენი ინფორმაციით, ხვალ, 2 თებერვალს, სასწავლო პროცესი გარდა #4 საჯარო სკოლისა, ჩატარდება რუსთავის #2, #7, #17, #15 და #24 საჯარო სკოლებში. ინფო რუსთავის ინფორმაციით, საგაკვეთილო პროცესი ხვალ არ იქნება რუსთავის #9, #5, #6, #8, #14 #18, #23, #3, #28 #21 და #10 საჯარო სკოლებში.