H1N1 ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა რუსთავში.
15 წლის მოზარდი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში 2 დღის წინ მოათავსეს.
"ინფო რუსთავს" რუსთავის მე-11 სკოლის მოსწავლეების მშობლები დაუკავშირდნენ და მოზარდის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება თხოვეს.
15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
"პაციენტი მაღალი ტემპერატურის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ შემოიყვანა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში. ჰქონდა 40-მდე სიცხე. ჩაუტარდა ლაბორატორიული გამოკვლევები. სისხლის საერთო ანალიზში გამოჩნდა, რომ არის ვირუსი და დაისვა შესაბამისი დიაგნოსი-ვირუსული ინფექცია. დღეისათვის პაციენტი წევს საავადმყოფოში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, ეძლევა პრეპარატი "ტამიფლუ", მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას მკურნალმა ექიმმა.
"სკოლაში პანიკა არ შეინიშნება. დღეს მოსწავლეების 80 %-იანი დასწრება იყო. მოსწავლეს აღენიშნება H1N1 გრიპი ე.წ. ღორის გრიპი, ის აღნიშნული ვირუსით სკოლის ფარგლებს გარეთ დაინფიცირდა და სკოლასთან შეხება არ ჰქონია. საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაცულია სანიტარული ნორმები და ყველა პირობაა შექმნილი ბავშვების უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას 11 სკოლის დირექტორმა გიორგი შეყილაძემ.