გაიზარდა თუ არა წითელას შემთხვევები რუსთავში

2019-01-29 14:04:05

წითელას ვირუსით მიმართვიანობის ზრდა რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში არ შეინიშნება.

როგორც ინფექციონისტმა, ნანა გელაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობას 2 პაციენტი გადის, ხოლო ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორ, ნატო თოფურიას თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში წითელათი ინფიცირებული 1 პაციენტია მოთავსებული.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ქალაქში წითელას წინააღმდეგ საბრძოლველი ვაქცინის საკმარისი მარაგია შემოსული. სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან აცრა არის ერთადერთი საშუალება წითელასგან თავის დასაცავად.

ბეგაშვილის თქმით, გასულ შაბათ-კვირას რეგისტრირებულ ამცრელ კაბინეტებში მიმართვიანობა არ იყო დაბალი, განსაკუთრებული აქტივობა აცრის ჩატარებასთან დაკავშირებით კი პედაგოგების მხრიდან შეინიშნებოდა.

"ბაღისა და სკოლის პედაგოგები განსაკუთრებით ორგანიზებულად მოდიან ასაცრელად. მოქალაქეებიც საკმაოდ აქტიურობენ, თუმცა  უკეთესი აქტიურობა საურველია", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

შეგახსენებთ, წითელას ვაქცინაცია მხოლოდ ბავშვებისა და 20-40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა, ახლა კი ყველა ჯგუფისთვის უფასოა.

წითელაზე აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში.