რუსთავის მერია რუსთავი–თბილისის მიმართულებით ალტერნატიული ტრანსპორტის შემოყვანის საკითხზე აქტიურად მუშაობს. თბილისის საკრებულომ უკვე დაამტკიცა მარშრუტი რუსთავიდან ისნის მეტროს მიმართულებით, ახლა ჯერი რუსთავის მერიაზეა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავის მერია 2 ვარიანტს განიხილავს, ან გამოაცხადებს კონკურსს M3 კატეგორიაზე (ავტობუსებით მომსახურებაზე), ან პირდაპირი წესით გააფორმებს იმ კომპანიასთან ხელშეკრულებას (კონკურსის გარეშე) რომელიც უზრონველყოფს მგზავრების თბილისში გადაყვანას.
რა იქნება მთავარი კრიტერიუმები? გარდა იმისა რომ თბილისის საკრებულო საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში მხოლოდ ევრო 6-ს სტანდარტის ავტობუსებს მისცემს გადაადგილების საშუალებას, რაც ბუნებრივია მაღალ ხარისხს, კომფორტს და კიდევ სხვა უამრავ დეტალს გულისხმობს, რუსთაველებისთვის ამ შემთხვევაში მთავარი მგზავრობის ფასი იქნება.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა ქალაქის მერს ირაკლი ტაბაღუას. "ჩვენთვის მთავარი ფასია, შესაბამისად #1 პრიორიტეტებშიც ეს არის. ბუნებრივია კომფორტს და უსაფრთხო გადაადგილებას ენიჭება დიდი ყურადღება. ამ ეტაპზე ვმუშაობთ აღნიშნულ საკითხე და მიმდინარეობს სხვადასხვა დეტალის დაზუსტება. მგზავრობის ტარიფზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
მგზავრობის ტარიფი სავარაუდოდ 1 ლარი იქნება, ფასი ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე თუ საიდან, რომელი ლოკაციიდან მოახერხებენ ავტობუსები რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრების გადაყვანას.
როგორც ინფო რუსთავმა გაარკვია ამ ეტაპზე განიხილება 3 ლოკაცია: 1 - რუსთავის რკინიგზის სადგური; 2 - გმირთა მემორიალთან არსებული სადგური; 3 ქალაქის შემოსასვლელი.
რაც შეეხდება სხვა დეტალებს, ჩვენთვის ცნობილია რომ ავტობუსებს შორის მგზავრთა გადაყვანაზე ინტერვალი საშუალოდ 15 წუთი იქნება, აღნიშნული მომსახურებისთვის კი კომპანიას საშუალოდ 10 ავტობუსი დაჭირდება.