ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსთავში წითელას ინფექციით 7 ადამიანი დაავადდა - ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც, წითელას ვაქციანაციაზე ყველა პირის დაფინანსებას სახელმწიფო თავის თავზე იღებს. ცენტრში ამბობენ, რომ აცრა არის ერთადერთი საშუალება ამ მაღალგადამდებ და ძალიან სახიფათო დაავადებასთან საბრძოლველად.
სამსახურის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, თუ ვინმეს, განსაკუთრებით, 20-40 წლის ასაკის მოქალაქეს, არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჩატარებულ გეგმურ ვაქცინაციაზე, აუცილებელია, გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია. აცრა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოქალაქეს ახსოვს, რომ თითქოს გაიკეთა აცრა, რადგან ვაქცინაციის განმეორებით ჩატარება მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.
ამ დრომდე, წითელას ვაქცინაცია ბავშვებისა და 20-40 წლამდე ასაკის პირებისთვის ფინანსდებოდა, ახლა კი ყველა ჯგუფისთვის უფასოა.
წითელაზე აცრის ჩატარება შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში.
იხილეთ რუსთავში იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი და მისამართები, სადაც წითელას ვაქცინაციის ჩატარება უფასოდ არის შესაძლებელი.
#1 დიაგნოსტიკური ცენტრი მისამართი: ოდიშარიას ქ. 19
#2 დიაგნოსტიკური ცენტრი მისამართი: მესხიშვილის ქ. 1 ა
შპს „ქ.რუსთავის #1 პოლიკლინიკა“ მისამართი: გიორგაძის ქუჩა #6 (ჭყონდიდელის დასახლება)