რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, რუსთავში გაზმომარაგების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უსაფრთხოების შესახებ შეხვედრა გაიმართა.
ლევან ონიანი საკრებულოს სხდომათა დარბაზში კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთოხება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ქალაქში უსაფრთხოების ნორმებზე და გაზის გაჟონვის შემთხვევებზე დეტალური ინფორმაცია "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებისგან მოისმინა და კომპანიას საკრებულოს რეკომენდაციები გააცნო. ონიანის განცხადებით, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ "ენერგო პრო-ჯორჯიას" და "რუსთავის წყალის" წარმომადგენლებიც.
საკრებულოს წევრებს გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ კომპანია "ენერგო პრო-ჯორჯიას" მისამართით. დეპუტატების პრეტენზიები მოუწესრიგებელ ქსელებს, ქუჩებში არსებულ ელ.სადენებს და ქვესადგურების ინფრასტრუქტურას შეეხებოდა.
რაც შეეხება რუსთავის წყალს, საკრებულოს თავმჯდომარემ კომპანიის წარმომადგენლებს მიტოვებული სამუშაოების დროულად დასრულებისკენ და შიდა კომუნიკაციების მოწესრიგებისკენ მოუწოდა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.