"არის ხელისშემშლელი პირობები, რომელიც ხელს უშლის სწორად წარმართოს ტრანსპორტის კომისიამ მუშაობა და სწორად დაადგინოს როგორც მგზავრთა ნაკადის შესწავლა, ასევე მგზავრთა ნაკადის გადაყვანასთან დაკავშირებული ხარჯები",- აღნიშნული განცხადება დღეს რუსთავის მერმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
"როგორც იცით, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, იცით თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო იმისათვის, რომ მივიდეთ რეალურ შედეგებამდე, განისაზღვროს მგზავრთა ნაკადის შესწავლა, ფასი, რომელიც იქნება წინაპირობა განსაზღვროს ტარიფი ამ მარშრუტზე, საუბარია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე.
2 დღის წინ ჩატარდა პირველი ღონისძიება, რა დროსაც გამოვლინდა ბევრი ხარვეზი, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, კომისიის წევრებს წარუდგინეს ეს მასალები. აღმოჩნდა რომ რომელ ლოკაციებზეც უნდა ევლო ტრანსპორტს, სულ სხვა მიმართულებით დადიოდნენ, რაც დაფიქსირებულია. ასევე იყო ისეთი შემთხვევაც რომ ხაზზე ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა რომელიც გადმოცემული სიის მიხედვით იმ დღეს ხაზზე არ უნდა ყოფილიყო.
იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ სწორი ნაბიჯები და მოვახდინოთ ერთხელ და სამუდამოდ ტარიფის დადგენა, მე ვფიქრობ, რომ ეს ხარვეზები რაც პირველ დღეს აღმოჩნდა შემდგომი სამართლებრივი შესწავლის მიზნით უნდა გადაეცეს შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს, კომპანიამაც აღნიშნა შეხვედრაზე რომ ის ხარვეზები რაც დაფიქსირდა არ შედის მათ ინტერესში, რათქმაუნდა, არც თვითმმართველობის ინტერესებში შედის ეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რაც გაურკვეველი მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას შეეხება.
მე ვფიქრობ კომპანიასაც უნდა აწყობდეს სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ყველაფერს, თუ რატომ მოხდა ესე, რომ შემდგომი გადადგმული ნაბიჯები რაც იქნება აუცილებლად განხორციელებული ტარიფის შესწავლასთან დაკავშირებით იყოს გამართული და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია სწორად და გამჭირვალედ",- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
კომპანია "ინტერ ტრანსის" დირექტორის, სანდრო ჯაფარიძის თქმით, შეიძლება იმ ვადებში, რასაც მძღოლები სამუშაო კომისიას აძლევენ ვერ მოესწროს შედეგის მიღება, მაგრამ მისი განცხადებით, "ინტერ ტრანსის" მძღოლები ამას აუცილებლად გაიგებენ.
"როგორც რუსთავის მერია ითვლის ამ მონაცემებს, ისე ითვლის ჩვენი კომპანიაც. არის რაღაც არევები, მაგალითად, ბევრგან წერის დროს ნომერია შეცდომით მითითებული, ასევე დათვლილია ე.წ. "ხიშნიკები", მაგრამ ეს არ არის კომპანიის გადასაწყვეტი, მათ დაჯარიმებაზე უნდა იზრუნოს რუსთავის ტრანსპორტის სამსახურმა. შეიძლება ითქვას, რომ არის დარღვევები, რომელიც გამოსწორებადია .საკრებულოს წევრმა თავიდანვე დააფიქსირა, რომ თუ რომელიმე მანქანა გაიპარებოდა ჩაითვლებოდა ბოლომდე დატვირთულად ხალხით, ასე რომ ჩვენ არანაირ პრეტენზიას არ ვაცხადებთ ამასთან დაკავშირებით. შეიძლება იმ ვადებში, რასაც მძღოლები სამუშაო კომისიას აძლევენ ვერ მოესწროს შედეგის დადება, მაგრამ გაგვიგებენ ჩვენი მძღოლები. გაფიცვა რაც დაანონსებულია, ესაა 2 რიცხვიდან , ეს არ ნიშნავს რომ კონკრეტულად 2 რიცხვში უნდა გამოვიდეს კომპანია და გაიფიცოს. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ბოროტად გამოყენებული და არ უნდა გაიწელოს რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩემი თხოვნაა, შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს დათვლა", - აცხადებს სანდრო ჯაფარიძე.