იყო თუ არა გაზის გაჟონვის შემთხვევა რუსთავის ერთ-ერთ ბაღში

2019-01-24 19:48:00

"ინფო რუსთავს" #36-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელების რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა და აცნობა რომ ბაღში სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ჰქონდა ადგილი რის გამოც ბაღს ამ დროისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდული აქვს.

"საღამომშვიდობის, არ მინდა პროვოკატორად ჩამთვალოთ, მაგრამ რაც დღეს გავიგე ძალიან შემაშფოთებელია როგორც დედისთვის. საქმე ეხება 36 ბაღს, სადაც გვითხრეს მშობლებს რომ ერთდროულად თურმე მწყობრიდან გამოვიდა გაზის გამათბობლები. როგორც ერთმა მშობელმა მოისმინა თურმე ამ ხნის მანძილზე CO  ჟონავდა (კიდევ კარგი ალბათ მცირე რაოდენობით) შემოდიოდა ოთახებში. არც იციან როდის შეაკეთებენ ღუმელს და თან იმასაც გვთხოვენ რომ ამ თვეში ორჯერ მაინც მივიყვანოთ რომ გაცდენები არ დაუგროვდეთ და არ გავირიცხოთ ბაღიდან. იქნებ გაარკვიოთ რა ხდება, ჩვენ რა თქმა უნდა სინამდვილეს არავინ გვეტყვის. ორშაბათს რომ მივიყვანე ბავშვი, მაშინ მიიღეს ჩვეულებრივად და გამოყვანის დროს მხოლოდ საძინებელში ქონდათ ჩართული გამათბობელი მეორე მშობელმა როგორც მითხრა ორშაბათს ყავდათ ხელოსნები მოყვანილი და გაიგო როგორ უთხრეს გამგეს რომ ჟონავდა გაზი ოთახებში მარტო ერთ ჯგუფში არაა, რამდენიმე  ჯგუფშია ღუმლები გათიშული", - მოგვწერა ერთერთმა მშობელმა რომელმაც გარკვეულუ მიზეზების გამო ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა.

ჟურნალისტმა ვითარება ადგილზე, 36-ე ბაღში გადაამოწმა. თანამშრომლები ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ რომ პრობლემები გათბობის სისტემასთან დაკავშირებით არის, გაზის დაბალი წნევის გამო ოთახები სრულად ვერ თბება.

"ინფო რუსთავი" ასევე დაუკავშირდა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ეკა ხუციშვილს, რომელმაც ჩვენთან საუბრისას გაზის გაჟონვის ფაქტი კატეგორიულად უარყო, თუმცა გათბობის პრობლემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბაღების გაერთიანებას, #36-ე ბაღში არსებული პრობლემის შესახებ ერთი კვირის წინ ეცნობა და ამ დროისთვის შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

"არანაირი პრობლემა არ მქონია გათბობასთან დაკავშირებით, გარდა ერთი ფილიალისა, 36-ე ბაღში არის გაზის დაბალი წნევა და ოთახებს გათბობა უჭირს ამის გამო. ამასთან დაკავშირებით სოკარ გაზი უკვე 1 კვირაა ინფორმირებულია და განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. რაც შეეხება გაზის გაჟონვის ფაქტს, ეს სიცრუეა", - აცხადებს ეკა ხუციშვილი.

"სოკარ გაზი"-ს რუსთავის ოფისში განაცხადეს რომ - "პრობლემის მოგვარების გზებზე ვისაუბრეთ, უნდა დაწერონ განაცხადი და ჩვენ შევასრულებთ შესაბამის სამუშაოებს".