ინფო რუსთავი დაინტერესდა შეინიშნება თუ არა წითელას ვირუსით მიმართვიანობის ზრდა რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში.
როგორც ინფექციონისტმა, ნანა გელაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, საავადმყოფოში წითელათი მიმართვიანობის გაზრდა არ შეინიშნება. მისი თქმით, ამ დროისთვის მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში 3 პაციენტი გადის, აქედან 1 კი დღეს სახლში ეწერება.
ინფო რუსთავი ასევე დაუკავშირდა ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორ, ნატო თოფურიას, რომლის თქმითაც, საავადმყოფოში მკურნალობას ამ ეტაპზე 2 პაციენტი გადის და ამ შემთხვევაშიც 1 პაციენტი დღეს უკვე სახლში ეწერება.
შეგახსენებთ, რომ გასული სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში წითელას ვირუსის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდასთან გვაქვს საქმე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ერთადერთი, რასაც წითელა ემორჩილება იმუნიზაციაა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აცრა არის ერთადერთი გამოსავალი წითელას შემთხვევების ზრდასთან საბრძოლველად.
პრევენციის მიზნით, მოსახლეობას შეუძლია ვაქცინაცია იმ პოლიკნინიკებში გაიკეთონ, სადაც დარეგისტრირებულები არიან. პირებს, რომლებსაც სურთ ვაქცინის გაკეთება უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს და მათ აცრა სრულიად უფასოდ გაუკეთდებათ.