"შეზღუდვები დაგვიწესეს" -აქცია რუსთავში

2019-01-22 13:38:36

რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა აქცია გამართეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მათ ერთი ლოკაციიდან მეორეზე გადასაადგილებლად შემოვლითი გზების გამოყენება უწევთ. მათი მოთხოვნაა, მიეცეთ უფლება შიდასაქალაქო მოძრაობა განახორციელონ, რადგან არ მოუწიოთ წითელი ხიდისა და გაჩიანის საავტომობილო გზების გამოყენება.

აქციაზე ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა მივიდა და მძღოლებს განუცხადა, რომ მათ მიეცემათ გარკვეულ ლოკაციებზე გადაადგილების ნებართვა. სპეციალური 3 თვიანი საშვის საშუალებით ისინი შეძლებენ გადაადგილებას და არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით შეთანხმება შესაძლებელია. მისივე თქმით, ქალაქში როდესაც გარკვეულ სამუშაოებს ასრულებს მძღოლი, გადასაადგილებლად ნებართვის გაცემაზე პრობლემა არასდროს არ ყოფილა.

"შიდა გადაადგილების დროს მათ აქვთ გარკვეული პრობლემა იმ მხრივ, რომ საღამოს ვერ ახორციელებენ ნებართვის აღებას, თუმცა ესეც დალაგებადია, შესაძლებელია ამ საკითხის გადაწყვეტა. არ არის ისეთი პრობლემატური, რომ ეს საკითხი ვერ გადავწყვიტოთ."- განაცხადა ქალაქის მერმა.