ვინ და რატომ მოკლა ძაღლი [video]

2018-09-25 00:01:39

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში კაცმა მეზობლის ძაღლი მოკლა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ცხოველი მეზობლის ეზოში შეიპარა. ძაღლის პატრონი “ინფო რუსთავთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ცხოველი მართლაც გადასული იყო მეზობლის ეზოში, თუმცა მოტივი მოკვლის მისთვის უცნობია, მას არ ქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძაღლი მეზობლის ფრინველებს იტაცებდა. “მისვლისას ძაღლი უკვე სისხლიანი დამხვდა და როცა ვიკითხე მიზეზი, ასე მითხრა ქათმებს ჭამდაო. იარაღი არ დამინახავს, მაგრამ ძაღლს ბევრი ჭრილობები ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ საფანტითაა მოკლული. ჩემი ძაღლები არასოდეს არიან მშივრები, მათ ყოველთვის აქვთ საჭმელი. ჯუნა დიდუბეში ვიპოვე. მის გარდა მყავს 6 ძაღლი და 22 კატა. ყველა მათგანი ქუჩიდან მოვიყვანე და მშობლების სახლში შევიფარე. არვიცი მართლა შეჭამა თუ არა მათი ფრინველი, მაგრამ რომ მცოდნოდა აუცილებლად ავუნაზღაურებდი დანაკლისს. მოკვლა გამოსავალი არ არის", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ძაღლის პატრონმა შორენა შეთეკაურმა.

მომხდარს გამაჯვებაში არ უარყოფენ, თუმცა როგორც ჩვენთან საუბრისას ოჯახი აცხადებს, მათ ბევრჯერ გააფრთხილეს ძაღლის პატრონი რომ ცხოველებისთვის ყურადღება მიექციათ. მათი თქმით, მთელი დასახლება შეწუხებულია. ხშირად გარეთ გასვლაც უჭირთ, რადგან ტერიტორიაზე ბევრი უპატრონო დამშეული ცხოველი იყრის თავს. მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო ფრინველია, რომელსაც ეზოში შემოპარული ძაღლები იტაცებენ და ჭამენ. “წლებია მათ ძალიან ბევრი ცხოველი ჰყავთ სახლში. ისინი ჩვენ გვაწუხებენ. ჩემმა მეუღლემ გააფრთხილა, რომ დაებათ ცხოველები თავიანთ ეზოში, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. ყოველდღე იკარგებოდნენ ფრინველები ჩვენთან. დავითვალეთ და 15-მდე ქათამი აღარ გვყავს. ჩვენ ამ მფრინველების ხარჯზე ვიკვებებით და კვერცს ვყიდით. უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდა ჩემი მეუღლე ამიტომაც ადგა და გააკეთა ეს. ფრინველებს, რომ თავი დავანებოთ ძაღლი საკბენად იწევდა ჩვენივე ეზოში. შეშინებულები ვართ, ჩემს მცირეწლოვან შვილს აქვს დაავადება, უბრალოდ რომ გაკაწროს ძაღლმა ფაქტიურად სიკვდილის ზღვარზე ვიქნებით", - აცხადებს ’’ინფო რუსთავთან“ საუბრისას ია გაგნიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება ან სიკვდილი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე."