არქეოლოგიური გათხრები განახლდა

2018-09-12 19:30:06

არქეოლოგებმა რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 500-მდე გერმანელი ტყვის ნეშტი იპოვნეს. ჭყონდიდელის დასახლებაში, არქეოლოგიური გათხრები 10 სექტემბერს განახლდა.

"ტყვეთა საფლავების მოძიება 2018 წლის 18 ივლისს დაიწყო, რომელიც 1 აგვისტომდე გაგრძელდა და შემდეგ 10 სექტემბერს განახლდა. ამ პერიოდის განმავლობაში 500-მდე სამხედრო ტყვის ნეშტია აღმოჩენილი. სამუშაოებს გერმანიის სახალხო კავშირის და რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები ერთობლივად აწარმოებენ. ამ ორ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაოები მაზნიაშვილის ქუჩაზე 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თუ ეს პერიოდი არასაკმარისი აღმოჩნდება, სრულ შესწავლამდე გაგრძელდება სამუშაოები"- განაცხადა ინფო რუსთავთან რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა.

ნაზი პაჭიკაშვილის განცხადებით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტყვეთა რამდენიმე ბანაკი არსებობდა სადაც დაახლოებით 4 000-მდე გერმანელი ჰყავდათ ჩაყვანილი რუსთავის და მისი ქარხნების მშენებლობისთვის.