დამონტაჟდა თუ არა ჭკვიანი კამერები [photo]

2018-09-12 00:17:52

რუსთაველი მძღოლების ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობს რომ მათ საპატრულო პოლიციისგან საჯარიმო ქვითრები მისდით.

საუბარია სანაპიროსა და დადიანის ქუჩების კვეთაზე დამონტაჟებული კამერის მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე. მძღოლების ნაწილი აღნიშნავს რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდავი, გამაფრთხილებელი ნიშანი არ არსებობს და შესაბამისად მათთვის გაუგებარია რატომ ჯარიმდებიან. "ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ აღნიშნულ მონაკვეთზე შსს-ს კამერები მართლაც არის დამონტაჟებული. ჩვენმა ჟურნალისტმა დადიანის ქუჩიდან სანაპიროს ქუჩის კვეთამდე ვერ ნახა სიჩქარის შემზღუდავი ნიშანი, თუმცა ის რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი ცხადია, რადგან ამის აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი განთავსებულია.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "აღნიშნულ ქუჩაზე განთავსებულია წერტილოვანი სიჩქარის მზომი რადარი, ეს არ არის ჭკვიანი ვიდეო კამერა, ეგ მანდ იყო ყოველთვის. სანაპიროს ქუჩაზე 40 კმ/სთ-თი არის მოძრაობა დაშვებული. 300 მეტრში და ასევე 70 მეტრში არის საგზაო ნიშანი, რომელიც მძღოლს წიინასწარ აფრთხილებს რომ 40 კმ/სთ-თი არის დაშვებული მგზავრობა, ხოლო თუ მძღოლი გადაადგილდება 55 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მაშინ რა თქმა უნდა მას მიუვა ჯარიმა."

აღნიშნული მოძრაობის წესის დარღვევისთვის მძღოლი 50 ლარით ჯარიმდება. შეგახსენებთ რომ რუსთავში ჭკვიანი კამერების მონტაჟი ჯერ არ დაწყებულა, სამუშაოები სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.