უნდა ეცვას თუ არა მოსწავლეს სპეციალური ფორმა

2018-09-02 10:28:22

უნდა ეცვას თუ არა მოსწავლეს სპეციალური ფორმა და იგეგმება თუ არა რუსთავის რომელიმე საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება?

ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა მე-7 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სკოლაში სპეციალური ფორმებით იარონ.

ინფო რუსთავი კომენტარისთვის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორს, ლია ჯღარკავას, დაუკავშირდა:

"მშობლებს გაუჩნდათ სურვილი, რომ დაწყებით კლასებს ჰქონოდათ რაღაც განსხვავებული ფორმა. ჯერჯერობით ვფიქრობთ, იურიდიულად შინაგანაწესში ეს როგორ აისახოს. მათ უნდათ რაღაც განსხვავებული და ამიტომ ამაზე სამეურვეო საბჭო იმსჯელებს, სადაც შედის მოსწავლეც, მშობელიც, მასწავლებელიც და ყველას აზრი იქნება გათვალისწინებული. თუ საბჭო რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს აისახება შინაგანაწესში, რაც შემდეგ ნორმად იქცევა, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითობის დაშვების პრინციპით.  საერთოდ, არ მომწონს, ძალიან აჭრელებულები რომ არიან ადამიანები და ვფიქრობ, რომ სასკოლო ფორმა სასკოლო კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს შეთანხმებული, გაზიარებული და თანამედროვე მოდის ტენდენციების შესაბამისი"

ჟურნალისტის კითხვაზე: სპეციალური სასკოლო ფორმის შემოღების შემთხვევაში, ფორმების შეძენა სკოლის ხარჯებით მოხდება თუ მშობლების სახსრებით, ლია ჯღარკავამ გვიპასუხა, რომ: "სკოლას არ აქვს იმის სახსრები, რომ მოსწავლეები თავად უზრუნველყოს ფორმებით. საერთოდ, კანონით ასე რეგულირდება, რომ სკოლის ფორმა შეიძლება იყოს შინაგანაწესით განსაზღვრული, თუმცა თუ ვინმეს არ აქვს ამის საშუალება, მაგრამ ეს აუცილებელი მოთხოვნაა, სკოლა ვალდებულია, შეუძინოს მას ფორმა."-განაცხადა ჯღარკავამ.


ინფო რუსთავი ასევე დაინტერესდა, თუ რა მოსაზრება აქვთ რუსთავის სხვა სკოლების დირექტორებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გეგმავენ თუ არა ისინი ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სპეციალური ფორმების შემოღებას.

მე-4 საჯარო სკოლის დირექტორმა, მამუკა ხამხაძემ განაცხადა, რომ: „სასკოლო ფორმა პირდაპირ კავშირშია სწავლასთან. ფორმა ეხმარება ბავშვს სასწავლო განწყობების ჩამოყალიბებაში. სკოლის ფორმა სასკოლო კულტურის ნაწილია და სკოლისა და ბავშვობის სულისკვეთებას განახორციელებს. ფორმა აერთიანებს ბავშვებს და მიანიშნებს, რომ ყველა მოსწავლე თანასწორია. ასევე აკმაყოფილებს მოზარდის ბუნებრივ მოთხოვნილებას - სასკოლო თემისადმი მიკუთვნებულობის განცდას. მშობელს ეზოგება მრავალფეროვანი და მოდური ტანსაცმლის საყიდი თანხა, ხოლო მოსწავლე თავისუფლდება ყოველდღიური საზრუნავისაგან - დღეს რა ჩავიცვა. ფორმა ეხმარება ბავშვს უსაფრთხოების დაცვაში - გზაზე გადასვლისას და ქუჩაში იოლია ხალხში მოსწავლის გამორჩევა. ფორმიანობა განამტკიცებს სასწავლო დისციპლინას, მოსწავლეს ეხმარება მოვალეობის გრძნობის ჩამოყალიბებაში, აჩვევს წესრიგს და კანონმორჩილებას, ამცირებს ბულინგის რისკებს. ფორმიანობა სკოლაში ჩვეული პრაქტიკაა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში - ბრიტანეთში, იაპონიაში, ჩინეთში. ერთადერთი, რასაც ფორმიანობის მოწინააღნდეეგები ამბობენ, ფორმა ზღუდავს ბავშვის თვითგამოხატვის თავისუფლებას, რასაც არ ვეთანხმები.“ ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა მე-4 სკოლაში სპეციალური ფორმის შემოღება, მამუკა ხამხაძემ გვიპასუხა, რომ: „სპეციალური ფორმის შემოღებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, თუმცა სასკოლო დრესკოდი დეტალურად იქნება გაწერილი შინაგანაწესით. მიხარია, რომ ინფო რუსთავი სწორ აქცენტებს აკეთებს სასკოლო პრობლემატიკაზე."
 
ჩვენ ასევე დავუკავშირდით 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს. მანანა გოგოლაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ გიმნაზიაში ამ მხრივ ცვლილებები ჯერჯერობით არ იგეგმება და სკოლაში ისევ შავ-თეთრი ფორმა შენარჩუნდება.  მისივე განცხადებით, „სპეციალური სასკოლო ფორმის შემოღებას აქვს თავისი დადებითი მხარე. ერთნაირად გამოწყობილი მოსწავლეები ვიზუალურად უფრო ლამაზი შესახედავები არიან, ვიდრე სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი მოსწავლეები. მოწესრიგებულობის, ესთეტიკის, სკოლის ცნობადობის თვალსაზრისით, სპეციალურ სასკოლო ფორმას დადებითი მნიშვნელობა აქვს. უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს ის, რომ მშობლებსა და ბავშვებს არ სურდეთ ერთნაირი ფორმის ჩაცმა და ეს მათ თავისუფლებას ზღუდავდეს. ეს მაინც მშობლებთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. უარყოფითი მხარეა ისიც, რომ მოსწავლეს სპეციალური ფორმა სეზონურად ორი მაინც უნდა ჰქონდეს, ეს კი მშობლისთვის, შესაძლოა, ფინანსურად ხელმისაწვდომი არ იყოს."

"ზოგადი განათლების შესახებ" კანონის მე-14 მუხლში ვკითხულობთ, რომ: "სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე. სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით."