"ერთადერთი, რაც წითელას შეაჩერებს, აცრაა"

2018-08-22 23:21:49

საქართველო წითელას შემთხვევების რაოდენობით ევროპის ქვეყნების პირველ ათეულშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო იმ შვიდ ქვეყანაში შედის, სადაც წითელათი ინფიცირების მაჩვენებელმა 2018 წლის პირველ 6 თვეში 1000-ს გადააჭარბა.

ინფო რუსთავი დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამ მხრივ რუსთავში. როგორც ინფექციონისტმა, ნანა გელაშვილმა ინფო რუსთავთან საუბარში განაცხადა, რუსთავში, მოზრდილებში წითელათი მომართვიანობის შემთხვევები ბოლო ერთი თვის მანძილზე შემცირებულია. ჩვენ ასევე დავუკავშირდით №2 პოლიკლინიკის ექიმს, რუსუდან ადამიას, რომელმაც განაცხადა, რომ ივნისის შემდეგ წითელათი მომართვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოდან წითელას შემთხვევები დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ჯერ გურიაში, ხოლო შემდეგ - აჭარაში. 2018 წელს კი წითელას შემთხვევებმა მთელი საქართველო მოიცვა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 20-26 წლის ასაკის მოქალაქეთა 10%-ზემეტს და 41 წლამდე მოქალაქეთა 8%-ს არ აქვს იმუნიტეტი. მისივე განცხადებით, 2018 წელს წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. პაატა იმნაძის თქმით, წითელას დაავადების გავრცელებას მხოლოდ აცრები შეაჩერებს: "წითელა მონახავს ყველას, რადგან ის ჰაერით ვრცელდება. საკმარისია, გვერდზე გაგიაროთ ადამიანმა, რომელსაც წითელა აქვს და თქვენ არ იყოთ იმუნური, რომ თქვენც დაგემართებათ." დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია წითელას შემთხვევების გახშირება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში. პაატა იმნაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ბავშვთა გეგმური აცრები სავალდებულო გახდება.