მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა

2018-07-29 18:16:03

რუსთავში, შარტავას გამზირზე 40 წლის მამაკაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამი იყო. როგორც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლები ინფო რუსთავს უყვებიან, ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მათივე ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია, თუმცა მისი კლინიკაში გადაყვანა არ მომხდარა, რამაც თვითმხილველების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათი თქმით მამაკაცი თავს ისევ შეუძლოდ გრძნობდა და მას ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებოდა.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დაგეგმარების ხარისხისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსს დაუკავშირდა.

"ეს კონკრეტული პაციენტი ჩვენი ცენტრისთვის საკმაოდ ცნობილია. დღეში რამდნეჯერმე ფიქსირდება კონკრეტულად ამ პაციენტთან დაკავშირებით გამოძახება და რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ზარზე ვახდენთ რეაგირებას. ეს ახალგაზრდა მამაკაცი არის ალკოჰოლის ქრონიკული მომხმარებელი. დღეს ორჯერ იყო ბრიგადა მასთან მისული და ორივე მისვლისას ის ბრიგადის ექიმებს დახმარების მაგივრად ალკოჰოლის მიტანას სთხოვდა. ჰოსპიტალიზაციაზე პაციენტი ყოველთვის აცხადებს უარს, თუმცა იყო შემთხვევა, როცა რამდენჯერმე მოახერხა ბრიგადამ მისი კლინიკაში გადაყვანა, სადაც იგივე მოთხოვნები წაუყენა კლინიკის ექიმებს და სასმელი მოითხოვა"- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ამირან გოგიტიძემ.

მოგვიანებით მამაკაცი გონს მოვიდა და ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ობიექტის მიმდებარედ გადაიყვანა.