როგორ მოხდება ხმაურის კონტროლი

2018-07-20 23:21:59

რუსთავში ღამის საათებში ხმაურს პოლიციის ნაცვლად მერია გააკონტროლებს.

თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ღამის საათებში დაშვებულ ნორმაზე მეტი ხმაური დაუშვებელია. სწორედ ამიტომ, ფიზიკურ პირებს ან ობიექტებს, რომლებიც დაშვებულ ზღვარზე მეტად იხმაურებენ, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს.

"პოლიციის ნაცვლად, მონიტორინგის ფუნქციას თვითმმართველობა შეითავსებს. განისაზღვრა კონკრეტული სამსახური და პირები, რომლებიც მოახდენენ ხმაურის იდენტიფიცირებას და შეადგენენ სამართალდარღვევის ოქმებს"- განაცხადეს რუსთავის მერიაში

პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ 2017 წლის 28 ივნისს დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში, პირველ ჯერზე დაწესებულება, ორგანიზაცია თუ პირი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს. თუ გაფრთხილებული ფიზიკური ან იურიდიული პირი 1 წლის განმავლობაში კანონს ისევ დაარღვევს, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით. კანონის მესამედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის რაოდენობა გაიზრდება. კონკრეტულად კი ფიზიკური პირი 300 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 1000 ლარით.

ასევე, სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში 40-ზე მეტი დეციბელი ხმაურის გამოწვევა დაჯარიმდება. სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში კი, ხმაური 35 დეციბელზე მეტი არ უნდა იყოს. თუ ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებსართულიანი კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით - 40.