რამდენიმე წელია, საქართველოში მეორადი ტანსაცმლის ბიზნესი დიდი წარმატებით ვითარდება. მაღაზიები მრავლადაა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, მათ შორის რუსთავშიც, სადაც დაახლოებით 80 მაღაზიაა გახსნილი.
მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელები ბაზარზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფუთებზე ფასი გაიზარდა.
"უკვე რამდენიმე თვეა, საქონელს საწყობებიდან შედარებით ძვირად ვიღებთ. როგორც საწყობების მფლობელები გვეუბნებიან, ამის მიზეზი განბაჟების საფასურის გაზრდაა. შესაბამისად, ჩვენც იძულებული ვართ, საქონლის გასაყიდი ფასი გავზარდოთ, რათა მოგება ჩვენც დაგვრჩეს. ამ ყველაფერმა კი მყიდველზე უარყოფითად იმოქმედა და შეიძლება ითქვას, რომ წინა წლებთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული" - განაცხადა ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა
რუსთავში არსებული მეორადი ტანსაცმელების მაღაზიის მფლობელები მომხმარებლის ნაკლებობას უკვე ორი წელია უჩივიან. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ თავის დროზე მეორადმა ტანისამოსმა მყიდველი სიიაფით მიიზიდა და ცალკე სეგმენტად ჩამოყალიბდა, რომელიც მხოლოდ მეორადს ყიდულობდა. გაზრდილი ხარჯის გამო კი ტანისამოსზე მოთხოვნა უკვე ნაკლებია.
"დღეს დღეობით საგძნობლად იკლო გაყიდვებმა, როგორც წინა წელს ვყიდდი ახლა ასეთი მოთხოვნა აღარ არის. ეს ბიზნესი კი ჩემი და ჩემი ოჯახის საარსებო წყაროა. ამ ყველაფერს კი ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზის ვუკავშირებ"- განაცხადა "ინფო რუსთავთან" მეორადი ტანისამოსის მაღაზიის მფლობელმა ინგა ნოზაძემ