მუშაობა მზის გულზე

2018-07-03 17:58:28

ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი რუსთავში დღეს 40ºC აჩვენებდა. 

მტვერი, ხმაური, უნიფორმებში გამოწყობილი სხვადასხვა ასაკის მამაკაცები, თავზე ქუდებით და შუბლზე ოფლის წვეთებით, მზისგან დამწვრები ისევ შუაგულ მზეზე მუშაობენ - ასეთ სურათს ნახავთ რუსთავში ყველა იმ ადგილზე სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ერთერთი კომპანია ასრულებს. რამდენად ითვალისწინებს აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობა დასაქმებულთა ინტერესებს ეს ფოტოშიც ჩანს. 

მაღალ ტემპერატურას არ უშინდებიან არც მე-16 მიკრორაიონში, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომუშავე ადამიანები და არც შრომის ბირჟაზე მყოფი პირები.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი,  მოსახლეობას მოუწოდებს, მეტი უსაფრთხოებისთვის გარეთ გასვლისგან და მითუმეტეს, მზის გულზე ყოფნისგან თავი შეიკავონ, გარეთ დასაქმებული ადამიანების რეალობას ეს გაფრთხილება არ ცვლის.

საკითხთან დაკავშირებით ინფო რუსთავი კომენტარისთვის საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელის მოადგილეს თამაზ დოლაბერიძეს დაუკავშირდა.

"ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, თუ ჰაერის ტემპერატურა 32,5 გრადუსია, გარეთ არსებულ სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა მუშაობა უნდა შეწყვიტონ. უცნობია, როდემდე იქნება დამსაქმებელთა კეთილ ნებაზე დამოკიდებული გარეთ დასაქმებულთა სამუშაო პირობები. ხელისუფლებისგან ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას" - აცხადებს დოლაბერიძე ინფო რუსთავთან