ინტერტრანსმა მოქალაქეებს აცნობა, რომ ზაფხულის დადგომისთანავე სამარშუტო ტაქსებში მძღოლებს კონდინცირების სისტემის ჩართვის ვალდებულება ექნებოდათ.
ამის უზრუნველსაყოფად კომპანიამ სამარშუტო ტაქსებში გაგრილების სისტემა შეაკეთა. თუმცა, ამ დროისთვის რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშუტოების უმეტესობაში გაგრილების სისტემა ჩართული არ არის. ამის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მუდმივად სიცხე და უჰაერობაა ან დაპირისპირება მძღოლებსა და მგზავრებს შორის – რა თქმა უნდა, კონდინციონერების ჩართვაზე.
ინფო რუსთავი კომენტარისთვის ინტერ ტრანსს დაუკავშირდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ მიკროავტობუსების უმეტესობაში გაგრილების სისტემა ფუნქციონირებს, მძღოლებს კი კონდინცირების სისტემის ჩართვის ვალდებულება აქვთ. რაც შეეხება მწყობრიდან გამოსულ გაგრილების სისტემებს, მოხდება სისტემის შეკეთება და ამ ხარჯებს კომპანია საკუთარ თავზე აიღებს.