"სამსახურის დაწყება ახლობლების რეკომენდაციით"

2018-06-09 18:09:24

"ინფო რუსთავი"-ს კითხვებს რუსთაველები პასუხობენ

ინფო რუსთავი დაინტერესდა რას ფიქრობენ რუსთაველები, როგორ ხდება დღეს სამსახურის მოძიება და შემდეგ დასაქმება როგორც კერძო სექტორში ასევე საჯარო უწყებებში.

ინფო რუსთავის ჟურნალისტის მიერ გამოკითხული რესპოდენტების უმეტესობა ამბობს, რომ სამსახურის დაწყება რთულია თუ "ვინმე" არ გყავს. ვინმეში ადგილობრივები იმ ახლობლებს, მეგობრებს და ნათესავებს გულისხმობენ რომლებიც სხვადასხვა უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

"ჩემმა ერთმა ნაცნობმა მითხრა რომ უფრო იოლად შემიძლია დავიწყო მუშაობა კერძო სექტორში, ვიდრე საჯაროში თუმცა აღმოჩნდა რომ აქაც ნაცნობია საჭირო, რომელიც დარეკავს და რეკომენდაციას გაგიწევს. მე კი ასეთი არავინ მყავს" - განაცხადა რუსთაველმა ბექა კვირკველიამ ინფო რუსთავთან.

"ნაცნობების გარეშე რომ იღებდნენ სამსახურში, მაშინ აქამდე მიმიღებდნენ, 1 წელია უკვე სივებით დავრბივარ და ჯერ არავის დაურეკია"-  ნუკა ლომიძე

"ერთერთი უწყების ეიჩართან  მქონდა უშუალო კავშირი რამდენიმე კვირის წინ, აშკარად შეეტყო რომ მოვეწონე იმ პოზიციაზე, რომელზეც ვაკანსია იყო გამოცხადებული, მაგრამ დავალება ჰქონდა რომ იმ ადგილზე სხვა უნდა აეყვანათ, ასეც მოხდა. არ ვამბობ რომ მე ყველაზე მაგარი ვარ მაგრამ ვინც შეარჩიეს ზუსტად ვიცი ვისი რეკომენდაციითაც აიყვანეს. უბრალოდ საწყენია სხვა არაფერი "- თორნიკე ჭელიძე

ერთერთი მოქალაქე რომლის სახელსა და გვარს მისი თხოვნით არ ვასახელებთ ამბობს რომ საჯარო დაწესებულებაში, სამსახური სწორედ ახლო კონტაქტების დახმარებით დაიწყო. რომ არა ახლობლის რეკომენდაცია დღემდე უმუშევარი ვიქნებოდი - განაცხადა ინფო რუსთავის რესპოდენტმა

გამოკითხული რუსთაველების მცირე ნაწილი აცხადებს, რომ სამსახურის დაწყება ინტერნეტში განთავსებული ვაკანსიებითაც შესაძლებელია, ამ გზით დასაქმებულებსაც იცნობენ თუმცა დასაქმება დაბალ პოზიციაზე ხდება, არასათანადო ანაზღაურებით.

 

ინფო რუსთავის მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვა რეალურ სურათს არ ასახავს, თუმცა რესპოდენტების უმეტესობა ჟურნალისტთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ დღეს დასაქმება საქართველოში "გავლენიანი ახლობლების" საშუალებით ხდება .