აუდიენცია რეგიონული განვითარების სამინისტროში

2018-06-08 13:49:05

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქვემო ქართლის რწმუნებულ გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ილია ბეგიაშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საგზაო დეპარტამენტისა და რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, რუსთავში გადაუდებლად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრის ძირითადი თემა 2 ივნისს, რუსთავში მომხდარი სტიქია იყო.
ირაკლი ტაბაღუამ სამინისტროს ხელმძღვანელობას, სტიქიის შედეგად ქალაქში არსებული მდგომარეობა და მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით გასატარებელი ღონისძებები გააცნო.

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, იაღლუჯის ფერდობზე არსებული სანიაღვრე სისტემა ფაქტობრივად მწყობრიდანაა გამოსული. ქსელი ამოვსებულია ნიაღვართან ერთად წამოსული მიწით, დაზიანებულია მილები და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას. ეს გარემოებები გათვალისწინებული უნდა იქნეს თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის პროექტირებისას, უნდა მოხდეს მთელ პერიმეტრზე (დასახლებული პუნქტის გასწვრივ) სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში ქალაქის დატბორვის საფრთხის აღმოფხვრას და სახელმწიფო დანიშნულების აღნიშნული გზის მონაკვეთის უსაფრთხოებას.
მისივე განმარტებით, ქალაქის დატბორვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა მაგისტრალისა და ავტობაზრობის ქვეშ გამავალი კოლექტორიც, რომელიც ღია არხის საშუალებით, პირდაპირ მიედინება ქალაქის მიმართულებით. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად დაწყებულია მუშაობა, რათა ქალაქი სრულად დაცული იქნეს სტიქიის დროს.

ქალაქის მერმა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ასევე რუსთავის #8, #25 და #27 ბაგა-ბაღების შენობების რეაბილიტაციაზე ისაუბრა, რაზეც სრული მხარდაჭერა მიიღო.

ინფორმაციას რუსთავის თვითმმართველობა ავრცელებს