ქალაქის მერი მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ,,აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფის“ ხელმძღვანელს კლემენს რუსელს და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული პროექტები და ასევე მომავალ თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.
“აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფი” რუსთავთან, კერძოდ კი “ შშმპ ცენტრთან” 2011 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნული ორგანიზაციის დაფინანსებით ცენტრის ბაზაზე ექვსი სხვადასხვა სოციალური პროექტია განხორციელებული. კერძოდ, ცენტრის ბაზაზე მოეწყო საცხობი კაფეტერიის პერსპექტივით, სადაც შშმ პირები არიან დასაქმებულნი, მოეწყო სამზარეულო, სამრეცხაო,გარემონტდა და შშმ პირთათვის ადაპტირებული სახე მიეცა სველი წერტილებს, ცენტრი აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და მინი ბიბლიოთეკით, განხორციელდა ,,სასწავლო ბაღის“ პროექტიც. სულ აღმოსავლეთ ევროპის საპროექტო ჯგუფს რუსთავის ,,შშმ პირთა ცენტრში“ 62 470 ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
“დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს ორგანიზაცია ახორციელებს არაჩვეულებრივ პროექტებს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დღის ცენტრისთვის. დღეს განვიხილეთ პროექტები, შევაჯამეთ განვლილი სამუშაოები, დავსახეთ სამომავლო გეგმები. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობისთვის მზაობა, რა თქმა უნდა ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.“ -განაცხადა საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ნინო ტაბატაძემ