ტრამპის 25% იანმა ტარიფმა "რუსთავის ფოლადიც" დააზარალა - რა ბედი ელის ქართულ ექსპორტს და რა დოზით ჩაერთვება ხელისუფლება აშშ-ს მთავრობასთან მოლაპარაკებებში? რამდენად ნეგატიურად იმოქმედებს დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება ქართულ ბაზარზე ზოგადად და რა ზომების მიღებას გეგმავს ხელისუფლება? საუბარია "რუსთავის ფოლადიდან" უნაკერო მილების ექსპორტზე აშშ-ში, რომლისთვისაც ქარხანა მთელი ორი წლის მანძილზე ემზადებოდა. მილების ექსპორტი უმნიშვნელოვანესი იყო როგორც ბიზნესისთვის, ასევე ქვეყნისთვის, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. როგორც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი აცხადებს, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი საფრთხეშია და ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების ჩართულობა. პრობლემები დაიწყო იმით, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი აცხადებს, რომ ტარიფმა საფრთხის წინაშე დააყენა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის (შპს „რუსთავის ფოლადი“) უნაკერო მილების ექსპორტის პერსპექტივები აშშ-ში. ამ ექსპორტისთვის ქარხანა 2 წელზე მეტი ემზადებოდა: განხორციელდა ინვესტიციები საწარმოო სიმძლავრეებში, ქარხანამ მიიღო ამერიკის ხარისხის სერტიფიკატი, დამყარდა კავშირი აშშ-ს დიდ დისტრიბუტორებთან... მილების პირველი პარტია აშშ-ში მიმდინარე წლის აპრილში ჩავიდა და იქაური დისტრიბუტორების მკაცრი კონტროლის პროცედურა დიდი წარმატებით გაიარა. დისტრიბუტორები მზად არიან რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ათობით ათასი ტონა პროდუქცია შეუკვეთონ, მაგრამ, ახალი ტარიფების პირობებში, მილების აშშ-ში მიწოდება კომერციულ აზრს კარგავს. ნუგზარ კაჩუხაშვილი (რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი): "ამერიკაში განვახორციელეთ პირველი ექსპორტი დიდი დიამეტრის უნაკერო მილების, რომელიც ყველაზე მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რაც კი საქართველოს ოდესმე ექსპორტზე გაუტანია მასიური რაოდენობით. ამის მისაღწევად ჩვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. დაახლოებით სამი წელია, რაც განვახორციელეთ ინვესტიცია - მოხდა საწარმოს მთლიანი გადაიარაღება, ამერიკის ბაზრისთვის სერთიფიცირება და ხარისხის კონტროლის სერთიფიკატის მოპოვება. რამდენიმე თვის წინ მომზადდა ვრცელი სიუჟეტი ამერიკაში ექსპორტირებული უნაკერო მილების შესახებ, სადაც საუბარი იყო ამერიკაზე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორზე და თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივებზე. სამწუხაროდ, მარტში ტრამპმა შემოიღო ე.წ ფოლადის 25 %-იანი ტარიფი, რომელიც პირდაპირ შეგვეხო ჩვენ. ეს ტარიფები დიდ საფრთხეს უქმნის წარმოებას და მთლიანად ჩვენს პროგრამას. თუ ვალდებულები ვიქნებით იმპორტის 25% იანი ტარიფი გადავიხადოთ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დააწესა, შესაძლოა უნაკერო მილების ექსპორტი ფინანსურად მომგებიანი აღარ იყოს."
ინფორმაციას "რუსთავის ფოლადი" ავრცელებს