ოფისი ირაკლი შოთაძემ გახსნა [photo]

2018-05-30 12:34:48

ქვემო ქართლის პროკურატურა ახალ შენობაში განთავსდა 

რუსთავში  პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ასევე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი პირები, ლიეტუვის, უკრაინის, ბელორუსის, სომხეთის რესპუბლიკების მთავარი პროკურორები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს პროფესიული დღე, საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილე და ახალი შენობის გახსნა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საძირკველი 2017 წლის თებერვალში ჩაეყარა. მანამდე საოლქო და რაიონული პროკურატურა 1949 წელს აშენებულ, ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული.

ახალი, ოთხსართულიანი შენობა, რომელიც საქართველოს პროკურატურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 1400 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სპეციალურად 100 წლის იუბილისთვის გამოცემული ჟურნალი გადაეცათ, რომელშიც რეფორმის შემდგომ, 2016-2017 წლებში საქართველოს პროკურატურის მიღწევები, გამოწვევები და წარმატებებია ასახული.