გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებსა და ქალაქის მერს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საკითხი რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურის დამონტაჟების შესახებ.
ახალი სადგურის საშუალებით ერთ წუთიანი ინტერვალით, 24 საათის განმავლობაში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონტროლი მოხდება. ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურის განთავსების ადგილთან დაკავშირებით ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მისი დამონტაჟება 4 თვის განმავლობაში დასრულდება.
ამ ეტაპზე რუსთავში მხოლოდ ბათუმის ქუჩაზე ხდება ჰაერის დაბინძურების შესწავლა და ისიც მხოლოდ სამუშაო საათებში, მოსახლეობის განცხადებით ჰაერში გაფანტული მავნე ნივთიერებების გავრცელება არასამუშაო საათებში მატულობს, ახალი სადგური ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს.
“უახლოეს მომავალში გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაგეგმილი აქვს შეიძინოს თანამედროვე ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგური. ახალი სადგურის საშუალებით შესაძლებელი იქნება გაკონტროლდეს 8 დამაბინძურებელი ნივთიერება. ჩვენ გვექნება 24 საათიანი მონაცემი, იქნება ძალიან მაღალი სტანდარტი, მიღებული ინფორმაცია მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდის საშუალებით მიეწოდება- განაცხადა გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინე არაბიძემ
“დღეს გავმართეთ შეხვედრა დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენის წარმომადგენლებთან. მათ სურთ ახალი მოწყობილობის შემოტანა ჩვენს ქალაქში, რითიც წამიერ რეჟიმში მოხდება გარემოში არსებულ დაბინძურების ამა თუ იმ შემადგენლობის განსაზღვრა, თუ რა მავნე ნივთიერების გამოყოფა ხდება და რომელი წარმოების მიერ.“- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ
მსგავსი სადგურები საქართველოს მასშტაბით უკვე მუშაობს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.