იალღუჯის ქუჩის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერმა და თვითმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ვაჟა-ფშაველას, გორის, ყაზბეგის, იალღუჯის ქუჩებზე გზის სავალი ნაწილი წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი და დაზიანებული იყო. ქალაქის მერიამ “რუსთავის წყალთან“ ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ქუჩების გზის რეაბილიტაცია უკვე ორი კვირაა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს “სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ აწარმოებს, პროექტი 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება.
“2018 წლის მანძილზე საერთო ჯამში 15კილომეტრამდე ქსელის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. გასულ წელს იალღუჯის ტერიტორიაზე ნახევარ კილომეტრიანი ქსელი შევცვალეთ, ხოლო წელს დამატებით მიმდინარეობს 2,6 კილომეტრი წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროექტი მერიასთან თანამშრომლობის საფუძველზე მიმდინარეობს და ჩვენი მუშაობის შემდეგ ისინი შეუდგებიან სანიაღვრე ქსელების და გზის რეაბილიტაციას. საერთო ჯამში დახარჯული თანხის ოდენობა 250 000 ლარს წარმოადგენს, რაც ამ დასახლებაში მთლიანი წყალსადენების ქსელების შეცვლას გულისხმობს“- განაცხადა “რუსთავის წყალის“ დირექტორის მოადგილემ თემურ ჯანელიძემ.
“მნიშვნელოვანი პროექტია იმ მხრივ , რომ ერთობლივია და “რუსთავის წყალთან“ ერთად ხორციელდება. წესრიგდება წყლის სანიაღვრე სისტემები, რაც დიდი ხნის განმავლობაში მოსახლეობას აწუხებდა. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი წარმატებით უნდა განხორციელდეს და ყველაზე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მოსახლეობა არის ჩართული, ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაციებს გვაწვდიან, რაც თავისთავად გვეხმარება ნაკლოვანებების გამოსწორებაში.“- აღნიშნა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.