რა ბედი ელის ტერიტორიას, რომელიც წლებია მოუწესრიგებელია [video]

2018-05-27 22:42:59

რუსთავში შარტავას №19 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა ბინასთან არსებულ სამშენებლო ნარჩენების გატანას მოითხოვს.

კერძოდ, საუბარია ლიანა შუბითიძის მიერ დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებზე, რომელის დაწყების ნებართვაც რუსთავის მერიამ 2015 წელს გასცა, ამის შემედეგ მერიას "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ" განცხადებით მიმართა, რის საფუძველზეც ქალაქის მერიამ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა და ბათილად ცნო და დავა სასამართლოში წლების განმავლობაში გაგრძელდა.

შარტავას №19-ში მცხოვრები მოსახლეობა სამშენებლო ნარჩენებით გამოწვეულ ანტისანიტარიასა და სხვა პრობლემებზე საუბრობს და რუსთავის მერიას დახმარებას სთხოვს. "შვიდი წელიწადია ვწვალობთ, როდემდე უნდა ვიწვალოთ ვიღაც ერთი ქალის გამო, არ მივცემთ მოშენების უფლებას იმიტომ, რომ ჩვენ გასასვლელი ადგილი არ გვრჩება, ვირთხები და ქვეწარმავლები დადიან, ვითხოვთ ტერიტორიის მოწესრიგებას", - აცხადებენ შარტავას №19-ის მცხოვრებლები.

2018 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლიანა შუბითიძეს აღნიშნულ ტერიტრიაზე მშენებლობის ნებართვა არ აქვს, თუმცა მისი ადვოკატის, მადონა მილდიანის ცნობით, უზენაესი სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის კანონიერად ცნობის შესახებ და ამავე სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილება ურთიერთსაწინააღმდეგოა.

"უზენასესმა სასამართლომ მიიღო მისი წინამორბედი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ერთის მხრივ უზენაესი სასამართლო 2015 წელს გვეუბნება, რომ მშენებლობა არის სრულიად კანონიერი და 2018 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ მერიის მიერ გაცემული აქტი, რომლითაც გაუქმდა მშენებლობის ნებრათვა არის კანონიერი. ეს ურთიერთსაწინააღმდეგოა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ იყოს მშენებლობა განხორციელებული",- აცხადებს ლიანა შუბითიძის ადვოკატი მადონა მილდიანი.

საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მერი უკვე შეხვდა როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესმენს -  "ეს დიდი ხნის დაწყებული პრობლემაა, შევხვდი, როგორც კერძო მესაკუთრის წარმომადგენელს, ასევე მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც შეეძლო გარკვეული პოზიციის დაფიქსირება და ამ კუთით ჩვენ გვინდა მივიღოთ ერთიანი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ მოხდეს ახალი სადავო საკითხების წარმოქმნა და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ამ ძალიან დიდი ხნის გაურკვეველ სიტუაციას", - აღნიშნა ირაკლი ტაბაღუამ.

ქალაქის მერის განცხადებით, რამდენიმე დღეში სპეციალური შეხვედრა ჩაინიშნება და მუნიციპალიტეტი საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ვრცლად ნახეთ ვიდეო.

ავტორი: ირმა კურტანიძე