ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღის წინ დაიწყო, რომელიც გზის ორმულ შეკეთებას ითვალისწინებდა.
პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ორმოები ამოიჭრა, თუმცა ასფალტი ჯერ არ დაგებულა. აღნიშნულის გამო მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ორმოები ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის, რადგან ხშირად მძღოლი, მოუწესრიგებელი მონაკვეთის გვერდის ავლით, გზის საპირისპირო მხარეს გადადის, რაც ავარიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.
"ინფო რუსთავი" იმ სამშენებლო კომპანიას დაუკავშირდა რომელმაც გზების ორმული შეკეთებისთვის, რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო. "გზატკეცილი +"-ში აცხადებენ, რომ კომპანიას ვალდებულება აქვს აღებული გზების ორმული შეკეთების სამუშაოები 18 მაისამდე დაასრულოს, თუმცა კომპანიაში ზუსტ დროს არ ასახელებენ თუ როდის მოხდება ორმოების ასფალტით ამოვსება.