გამოვლინდა თუ არა დარღვევები რუსთავში

2018-05-01 16:09:22

უკვე ერთი დღე გავდა მას შემდეგ, რაც საქართველოში სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, მათ შორის კაფე ბარებსა და რესტორნებში, თამბაქოს მოწევა აიკრძალა.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, გამოვლინდა თუ არა დარღვევები რუსთავში არსებულ კვების ობიექტებში კანონის ამოქმედების პირველ დღეს.

როგორც რუსთავის კაფე-ბარებსა და რესტორნებში აცხადებენ, მომხმარებელთა უმრავლესობა შეზღუდვების შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა დაწესებულებაში მოწევის რამდენიმე შემთხვევა მაინც დაფიქსირდა.

"ხალხი ინფორმირებული იყო როგორც აღმოჩნდა, არ გვქონია რაიმე ისეთი შემთხვევა, ერთი-ორი შემთხვევა იყო, როდესაც არ იცოდნენ,  ბოდიში მოიხადეს და გარეთ გავიდნენ. აკრძალვის ნიშნები დავაყენეთ, გარეთ გადიოდნენ, ეწეოდნენ, როგორც კანონის შესაბამისად არის და ისეთი ინციდენტი არ მოჰოლია, ვნახოთ მაინც შუა კვირაა, ძირითადი გადასატანი მაინც პარასკევი, შაბათი-კვირაა და ვნახოთ როგორ იქნება. " - განაცხადეს რესტორან "მადაგონში"

"ჯერჯერობით პრობლემა არ შეგვქმნია, ძირითადად ჩვენთან ახალგზრდები შემოდიან და არ ეზარებათ დაბლა ეზოში ჩასვლა და მოწევა, როგორ გაგრძელდება ვერ გეტყვით" - აცხადებენ ბარ-რესტორან "შარკში"

"არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომზადებულები ვართ. ობიექტს დაცვა იცავს, ცალკე ჩვენ ვაკონტროლებთ, გამოვაკარით სტიკერები მოწევის აკრძალვის შესახებ, მომზადებულები შევხვდით, არანაირი გართულება არ ყოფილა. " - აღნიშნეს "ინფო რუსთავთან საუბარში" ლაუნჯ-ბარ FRIENDS-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ "ინფო რუსთავისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, რუსთავში 1 მაისს მოწევასთან დაკავშირებით ორი შეტყობინება შევიდა და ორივე შემთხვევაში საპატრულო პოლიციამ მოქალაქეებს ჯარიმა დააკისრა.

შეგახსენებთ, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო და ის ძალაში მიმდინარე წლის 1 მაისიდან შევიდა. კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე