რაში იხდიდნენ რუსთაველები ფულს

2018-04-28 16:32:45

6000-ზე მეტმა მოქლაქემ, მათ შორის 300-მდე რუსთაველმა, ბოლო თვეების განმავლობაში საკუთარი ბიზნესის განვითარების მიზნით საპროექტო განაცხადით "იდეების განვითარების ფონდს" მიმართა. თითოეულმა მათგანმა განაცხადის შეტანისას 10 ლარი გადაიხადა იმ იმედით, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან 20 000$-იან დაფინანსებას მიიღებდა, თუმცა დღემდე არცერთ მათგანს გრანტი არ მიუღია.

იდეების განვითარების ფონდი 2017 წლის 23 მარტს დიანა სახურიამ დაარსა, გრანტების მოპოვების მიზნით კი ამერიკაში პარტნიორი დავით კარტოზია გახდა. დაფინანსების მიღების მსურველებიდან შემოსული თანხის 30% დავით კარტოზიას ამერიკაში პირად ანგარიშზე ერიცხებოდა, დანარჩენი თანხა კი ორგანიზაციის საქმიანობას ხმარდებოდა. თუმცა ფონდის დაარსებიდან რამდენიმე თვეში დიანა სახურიამ კარტოზიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

"კარტოზიამ მითხრა რომ ამერიკაში უნდა დაფუძნებულიყო ორგანიზაცია, რომელიც იქნებოდა შუამავალი საქართველოსა და ამერიკას შორის, ეს რომ დაფუძნებულიყო მე უნდა გადამეხადა თანხა, 85  000 დოლარზე იყო თავიდან საუბარი, ბოლოს შევთანხმდით 10 000$-ზე, თუმცა სრულად ესეც ვერ გადავუგზავნეთ, მაგრამ რაც გადავუგზავნე იმ თანხის სანაცვლოდ, მან გადმომიგზავნა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ორგანიზაცის დამფუძნებელი ვართ მე და დავითი ამერიკაში. მე არ ჩავსულვარ იქ, ხელი არ მომიწერია, დოკუმენტს არ აქვს ხელმოწერა, არ აქვს ბეჭედი და არაფერი, ეს ორგანიზაცია არ არსებობს ამერიკაში. ჩვენ ვართ დაზარალებული, ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს და დამთავრდეს.

30 ნოემბერს დავითის შვილები ჩამოვიყვანეთ საქართველოში, 9 დეკემბერს გვქონდა მათთან შეხვედრა, სადაც იყო ნათქვამი, რომ "ჯერ ადრე არის, რა გრანტი, 10 ლარად 20 000-ს ვინ მოგცემს და ა.შ.", ამ დროს ჩვენ სხვა მოლაპარაკება გვქონდა. 9 დეკემბრის შეხვედრის შემდეგაც ჩვენ მათთან გავწყვიტეთ ურთიერთობა.

ახლა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ის 6000 კაცი, რომელიც ჩვენი ბენეფიციარია, დავაკმაყოფილოთ უახლოეს მომავალში, ოღონდ არა იდეების განვითარების ფონდის სახელით, არამედ "ზეიტერის" სახელით"  - განაცხადა დიანა სახურიამ "ინფო რუსთავთან საუბარში.

თაღლითობის შესახებ ბრალდებებს დავით კარტოზია თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოთი გამოეხმაურა და მის მიმართ წაყენებული ბრალდებები უარყო.

"არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ აფერისტები ვართ და 200 000 ლარს სადღაც ვეპოტინებით. 200 000 ლარს, რომელმაც, თუნდაც ყოფილიყო ეს 200 000 ლარი, დაიწყო დაფუძნება ძალიან დიდი საქმის და დიდი ორგანიზაციის, რომელსაც ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ნამდვილად მიესალმება და გვერდით უდგას. ამის დამამტკიცებელ საბუთსაც მოგართმევთ" - განაცხადა კარტოზიამ თავის ვიდეოში.

ეხება თუ არა საქმე თაღლითობას შესაბამისი უწყება დაადგენს. იდეების განვითარების ფონდი კი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებას ისევ აგრძელებს.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე