სად და როდის იგეგმება ფილმის ჩვენება

2018-04-25 12:06:52

მაყურებელთა თხოვნით, რუსთავში ნიკოლოზ ხომასურიძის მხატვრული ფილმის ექვთიმე ღვთისკაცის განმეორებითი ჩვენება გაიმართება.

საპრემიერო ჩვენებას ისევ რუსთავის თეატრი უმასპინძლებს.

კინოჩვენებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ღონისძიება 2 მაისს 20:00 საათზეა დაგეგმილი. ბილეთების შეძენა მხოლოდ ამ გვერდზეwww.tkt.ge/ekvtime -ა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 5 ლარია.

როგორც ინფო რუსთავს ფილმის სცენარისტმა ლაშა კანკავამ განუცხადა, 2 მაისს შემოქმედებითი ჯგუფი რუსთავის #16 საჯარო სკოლასაც ეწვევა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ექვთიმე თაყაიშვილის სახელი მიენიჭა. 14:00 საათზე ფილმის ჩვენება ამავე სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის იგეგმება.

ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.

ფილმის სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან და უძლებს მთავარს - ცდუნებას! სურათში ასევე ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

რუსთავში ფილმ "ექვთიმე ღვთისკაცის" ჩვენება პირველად 13 მარტს მოეწყო, რომელმაც მაყურებლების დიდი მოწონება და ემოციები დაიმსახურა.