რუსთავის მერიის ა(ა)იპ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომელი მ.წ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ამხილა.
გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის "რუსთავსერვის ცენტრის" ტყის მასივის მოვლა - პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა - განხორციელების განყოფილების უფროსმა, რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს 1 200 ლარი გამოართვა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მ.წ. რუსთავსერვის ცენტრში განყოფილების უფროსის თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა და ამა წლის 2 აპრილს სამსახურიდან გათავისუფლდა.
ჩვენი ინფორმაციით დაკავების ფაქტი ერთი თვის წინ მოხდა თუმცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია დღეს გაასაჯაროვა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით. ნახეთ ვიდეო