ინფრასტრუქტურული პროექტები ძველ რუსთავში.
რამდენიმე დღეში ქალაქის მარცხენა სანაპიროს ადმინისტრაციულ საზღვრებში გზების შიდა ეზოებისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია დაიწყება.
პროექტის ფარგლებში, 82 კორპუსის შიდა კვარტალური ეზო კეთილმოეწყობა. სამუშაოები ხელოვნების სკოლის წინ მდებარე ტერიტორიაზე, სუმგაითელი მეტალურგების, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, ასლანიკაშვილის, ჭავჭავაძის, პირველი მაისის, ბათუმის, ქაშაკაშვილის, დონეცკელ მეტალურგების ქუჩებზე განხორციელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "გზატკეცილი+" შეასრულებს. კომპანიის წარმომადგენლებთან სატენდერო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა რუსთავის მერის მოადგილემ დავით კეკელიძემ.
"მკაცრად გაკონტროლდება შესრულებული სამუშაოს ხარისხი, საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტისთვის. მაღალი ხარისხით უნდა შესრულდეს სამუშაოები რადგან რუსთავს არ აქვს იმის ფუფუნება რომ ყველწლიურად ერთი და იგივე პროექტში კოლოსალური თანხები ხარჯოს"-განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ინფო რუსთავთან საუბრისას.
სამუშაოების ღირებულება 2 560 355 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.