არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, სამართლებრივ დავას იწყებს.
ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ პრესკოპნფერენციაზე გახდა.
“მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და ამისთვის ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოვიყენებ. მზად ვარ, ვითანამშრომლო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, სახალხო დამცველის აპარატთან და მზად ვარ ვამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლოში” – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
"სიდას" ყოფლი ხელმძღვანელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოს სარჩელით მომავალ კვირას მიმართავს. დევდარიანის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას, ინფორმაციით ისინი სამართლებრივ დავას არა მედიის ან რომელიმე გაერთიანების, არამედ კონკრეტული პირების მიმართ აპირებენ.
“ზვიად დევდარიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისთვის კონკრეტული პირების წინააღმდეგ უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს. ხაზს ვუსვამ: ჩვენ არ ვუპირსპირდებით მედიას, ჩვენ არ ვუპირსპირდებით კონკრეტულ გაერთიანებებს. საუბარი არის კონკრეტულ პირებზე. ჩვენ გვაქვს საფუძლიანი ეჭვი, რომელიც გამყარებულია მტკიცებულებებით, რომ ეს პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული იყო ზვიად დევდარიანის ბორდის წევრად არჩევასთან. კონკრეტულ ჯგუფებს ეს არ უნდოდათ და ააგორეს ეს კამპანია და მიზანი იყო, რომ მას მოეხსნა კანდიდატურა და მიაღწიეს ამ მიზანს, ამ ადამიანების სახელების და გვარების დასახელებას, ამ ეტაპზე არ ვაპირებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” - განაცხადა ადვოკატმა.
ზვიად დევდარიანი სამოქალაქო სექტორში დაბრუნებას არ აპირებს და ის აცხადებს, რომ ამ ამბის შესახებ წიგნის დაწერას გეგმავს.
"ქალთა მოძრაობა" კი რადიო თავისუფლებასთან გაკეთებულ კომენტარში დევდარიანის პრესკონფერენციას პასუხობს. მათი თქმით, შევიწროვების შესახებ ორგანიზაციის წევრები ანონიმურად და კონფიდენციალურად საუბრობენ, ამიტომ დევდარიანი მათ ვერ უჩივლებს, უფლებადამცველები კი მზად არიან სასამართლო დავისთვის.
შეგახსენებთ, ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, რასაც მეორე დღეს ქალთა მოძრაობის განცხადება მოჰყვა, სადაც საუბარია, რომ ათამდე ქალი დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.