36 კგ. ოქროს კონტრაბანდა [video]

2018-03-23 12:37:03

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის არადეკლარირებული საქონელი  -  40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღო. ნახეთ ვიდეო.


საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, აღნიშნულ ფაქტზე - საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის  აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ''MERCEDES BENZ''-ის მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" გავლით, ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის - 36 კგ ოქროსა და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება  2 000 000 ლარს აღემატება, ხოლო ამოღებული ავტონაწილების ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული   პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა. საქმეზე  გამოძიება გრძელდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში საბაჟო წესების დარღვევით შემოსული კონტრაბანდული საქონლის თავისუფალი  ბრუნვის აღკვეთაა, რაც  ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.  შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას საგამოძიებო სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.