2026-04-02 14:26:08
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო, 50 ათასი ლარით დააჯარიმა.
სემეკის ინფორმაციით, საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე სემეკში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა სხვადასხვა სისტემური ხარვეზი.
მათ შორის: ინფორმაციის მოწოდების სისტემური დაყოვნება - კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო საკითხებთან დაკავშირებული მასალების კომისიაში წარმოდგენის სისტემურ დაყოვნებას, რაც აფერხებს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის პროცესს.
ქმედითი ღონისძიებების არარსებობა - მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მოთხოვნის საფუძველზე, საკითხის დეტალურად შესწავლისთვის მიეცა დამატებითი გონივრული ვადა, კომპანიამ კომისიაში არ წარმოადგინა პრობლემების აღმოფხვრის ქმედითი და არგუმენტირებული გეგმა/ინფორმაცია;
მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების უგულებელყოფა - კომპანიის მხრიდან კომისიის ოფიციალური მოთხოვნებისა და დადგენილი ვადების უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციული პროცესის ეფექტიანობასა და მარეგულირებელი კონტროლის მექანიზმების ჯეროვან შესრულებას.